ირაკლი მეზურნიშვილი - რუსეთის ემბარგოს პროვოცირება და შიდა არეულობების მოწყობა მუდმივი აქციების გზით, აუცილებლად იქონიებდა გავლენას მოლოდინების ფაქტორზე, რაც კურსზეც ნეგატიურად აისახებოდა
ირაკლი მეზურნიშვილი - რუსეთის ემბარგოს პროვოცირება და შიდა არეულობების მოწყობა მუდმივი აქციების გზით, აუცილებლად იქონიებდა გავლენას მოლოდინების ფაქტორზე, რაც კურსზეც ნეგატიურად აისახებოდა

კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ივლისში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6,4 პროცენტით შემცირდა, არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და რუსეთის მიერ შესაძლო ეკონომიკურმა ემბარგომ ლარის კურსს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„ცხადია, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის კურსის სტაბილურობა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებზეა დამოკიდებული, თუმცა ვერც გვერდს ავუვლით რუსეთის ფაქტორს, რომელთანაც პირდაპირ თუ ირიბად ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ სოლიდური ნაწილი არის დაკავშირებული, მით უმეტეს მაშინ, როცა დარგებში, სადაც რუსეთის გავლენა დიდია, მაღალია ინკლუზიურობის მაჩვენებელიც, მაგალითად ტურიზმი, მეღვინეობა, მევენახეობა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ლარის კურსის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მდგენელია“, – აღნიშნავს ირაკლი მეზურნიშვილი.

​მისივე თქმით, ტურიზმის უახლესი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, თითქოს რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მხოლოდ 6,4 პროცენტით შემცირების გამო, კურსი არ უნდა დავარდნილიყო, თუმცა ირაკლი მეზურნიშვილის განმარტებით, ავიწყდებათ კურსის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი, რაც დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორთან.

„ჩვენ ნათლად დავინახეთ სიტუაცია, რომ ოპოზიციამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, როგორც პარტიული აქტივით, ისე სატელიტი ტელევიზიის მეშვეობით, სცადა, დესტაბილიზაციისთვის მიეღწია ქვეყანაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ეკონომიკისთვის გარკვეული ზიანი, რაც შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდებოდა. რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს პროვოცირება და შიდა არეულობების მოწყობა მუდმივი აქციების გზით, აუცილებლად იქონიებდა გავლენას მოლოდინების ფაქტორზე, რაც კურსზეც ნეგატიურად აისახებოდა. ოპოზიციის ჩანაფიქრი სწორედ ამგვარი სცენარით განვითარდა და ტურისტული სეზონის ფაქტობრივად ჩავარდნა გამოიწვია. კერძოდ, მცირე საოჯახო სასტუმროებს თუ ქონდათ დაგეგმილი მომავალი წლისთვის პირობითად 1000 დოლარის მოგება რუსი ტურისტების ხარჯზე, მიიღეს 100 დოლარი, იმის გამო, რომ ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა, რაც შესაძლოა, ბანკიდან აღებული ვალდებულებების გასტუმრებას მოხმარდა“, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

​მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ შექმნილმა არასტაბილურმა მდგომარეობამ სხვა ქვეყნის ტურისტებსაც მიაღებინა გადაწყვეტილება, თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან.

„სწორედ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ქმედებების გამო უცხოელი ინვესტორების ნაწილმაც თავი შეიკავა ინვესტიციების განხორციელებისგან, რაც მომავალში დამატებითი წნეხი იქნება ლარზე. გარდა ამისა, როდესაც პირველად გახდა ცნობილი სავარაუდო რუსული ემბარგოს შესახებ, ამ შემთხვევაში რთული წარმოსადგენი არაა, თუ რას მოიმოქმედებდნენ ის ექსპორტიორი კომპანიები, რომლებიც მეტწილად რუსულ ბაზარზე იყვნენ დამოკიდებული. ცხადია, ისინი დაიწყებდნენ დოლარის მარაგების გაკეთებას და ასეც მოხდა. გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი გარემო ბიზნესს უბიძგებს დოლარის გარკვეული მარაგი უზრუნველყოს, ვინაიდან ხვალ და ზეგ არ იცის რა კურსი იქნება სწორედ შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო ინსპირირებული. შესაბამისად, გაზრდილმა მოთხოვნამ დოლარზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია ლარის კურსზე და დეფიციტი ვეღარ დააბალანსა სხვა წყაროებიდან მიღებულმა შემოსავლებმა.

რეალურად მოხდა ისე, რომ ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობამ, ერთი მეორის მიყოლებით დააზარალა ისეთი სექტორები, სადაც ხალხი მასობრივად არის დასაქმებული და მოლოდინი ჰქონდა, რომ სეზონზე საარსებო შემოსავალს მცირედით მაინც გაზრდიდა. ასეთებია მცირე ტურისტული მეურნეობები, ტაქსის მძღოლები, გიდები, ტურისტული კომპანიები, ღვინის ექსპორტიორი კომპანიები, მევენახეები და ა.შ. თუ გვინდა, რომ რეალური სურათი დავინახოთ, თუ რა ზარალი მიაყენა ოპოზიციურმა აქციებმა ეკონომიკის რეალურ სექტორს, მაშინ ვკითხოთ თითოეულ ზემოთხსენებულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, მოვიაროთ რეგიონები და გავიგოთ როგორია ხალხის პოზიცია. ჩემთვის ეს არის ბარომეტრი და დანამდვილებით ვიცი, რომ ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო, ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობა ძალიან უარყოფითად განეწყო უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიმართ, რომელიც არის თავი და თავი შექმნილი ვითარების.

მიმაჩნია, რომ სწორედ უარყოფითი მოლოდინების დამკვიდრებამ ბიზნესში შეუწყო ხელი ლარის ვარდნას დოლართან მიმართებაში, ეს კი მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ყველა შესაძლო გზით სცადა პარლამენტის შტურმით აღება და ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის დამკვიდრება“, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.