ირაკლი მეზურნიშვილი - ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს, მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ
ირაკლი მეზურნიშვილი - ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს, მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ

აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ყველა ჩვენი პარტნიორი მოგვიწოდებს ორივე მხარეს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის რეჟიმი დაბრუნდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციას მოუწოდებს, საარჩევნო თემებთან დაკავშირებით დიალოგს დაუბრუნდნენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს და გავაგრძელოთ მუშაობა. რა ფორმატით იქნება დიალოგი – ჯგუფური თუ ინდივიდუალური, მნიშვნელობა არ აქვს. ვისურვებდი, იყოს ფართომასშტაბიანი შეხვედრები, მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, ინდუვიდუალურ დონეზეც მივესალმები, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ვერსია 100/50 კომპრომისულია და არსებული სისტემისგან მკვეთრად განსხვავდება.

„ულტიმატუმის ენით საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია ჯერჯერობით, რადგან ჩვენ, ხელისუფლებამ მოლაპარაკების მაგიდაზე ცალსახად დავდეთ კომპრომისული ვერსია – 100/50, რომელიც ვფიქრობ, საინტერესოა. ეს მართლაც კომპრომისული ვერსიაა, რადგან არსებული სისტემისგან მკვეთრად განსხვავდება. 77-დან 100 არის უკვე პროპორციული ციფრი დეპუტატების, მეორე მხრივ, რჩება რეგიონული წარმომადგენლობის ინტერესი. ციფრების თამაში 130/20-ზე და ა.შ, ნიშნავს, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ უდგება საკითხს. წარმოუდგენელია, 20-მა მაჟორიტარმა წარმოადგინოს მთელი ქვეყნის რეგიონები საქართველოს პარლამენტში“, – ამბობს დეპუტატი.

მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ საკითხზე პოზიციები შეჯერებული არ აქვს.

„ერთი მხრივ, მათი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თუ დარჩა არსებული სისტემა, ეს იქნება არალეგიტიმური და დესტაბილიზაციას გამოიწვევს და მეორე მხრივ, არსებული სისტემისთვის ემზადებიან და საერთო მაჟორიტარული კანდიდატების შეჯერება ხდება. ეს მათი უფლებაა, ყოველთვის შეეძლოთ არსებული სისტემის პირობებში თავიდანვე გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები დაეყენებინათ მაჟორიტარულ ოლქებში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.