ირაკლი მეზურნიშვილი - სამი დღის შემდგომ განცხადება ცოტა უხერხულია, რადგან გედევან ფოფხაძეს ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე არაფერი უთქვამს
ირაკლი მეზურნიშვილი - სამი დღის შემდგომ განცხადება ცოტა უხერხულია, რადგან გედევან ფოფხაძეს ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე არაფერი უთქვამს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის დასახელება პროცედურების დაცვით მოხდა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება პროცედურის დარღვევაზე, რადგან შეკრებაზე ეს აზრი არ დაუფიქსირებია.

„ჩემთვის გაუგებარი და უხერხულია გედევან ფოფხაძის მხრიდან სამი დღის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რადგან პროტესტი პროცედურასთან დაკავშირებით თვითონ შეკრებაზე არ დაფიქსირებულა, როდესაც იგი იმყოფებოდა ამ უმრავლესობის სხდომაზე. არანაირი პროცედურის დარღვევა იქ არ ყოფილა. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, როდესაც დადგა მისი საკითხი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა არ აიწია ხელი. გედევან ფოფხაძის მხრიდან, ადამიანისგან, რომლიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და „რა? სად? როდის“ გამორჩეული მოთამაშე, ნამდვილად გასაკვირია ასეთი განცხადება. ველოდები, რომ ანრი ოხანაშვილს ავირჩევთ და ის იქნება იურიდიული კომიტეტის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე, რადგან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელმაც ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია, სამართლიან და ღირსეულ როლს შეასრულებს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.