ირაკლი მექვაბიშვილი - რკინიგზა სახელმწიფო აუდიტის შემოწმების ობიექტს წარმოადგენს
ირაკლი მექვაბიშვილი - რკინიგზა სახელმწიფო აუდიტის შემოწმების ობიექტს წარმოადგენს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობას მოსაზრება ჰქონდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მათი შემოწმება აუცილებელი არ არის.

როგორც პირველ არხს მექვაბიშვილმა განუცხადა, სასამართლოს ორივე ინსტანციამ დაამოწმა, რომ რკინიგზა სახელმწიფო აუდიტის შემოწმების ობიექტს წარმოადგენს და ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილებაც არსებობს.

„ეს პროცესი დაწყებულია 2015 წლიდან. ამას ბიზნეს პროცესს დავარქმევდი. კანონით ზუსტად და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფო აუდიტის შემოწმების ობიექტი არის ნებისმიერი სახელმწიფო კომპანია და ის შემოწმებას ექვემდებარება. მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. იქედან გამომდინარე, რომ რკინიგზის ფინანსურ აუდიტს ე.წ. დიდი ოთხეული ატარებს, მათ მოსაზრება ჰქონდათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მათი შემოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომელიც დიდი ოთხეულის მხრიდან მოწმდება, არამედ ეფექტიანობისა და შესაბამისობის აუდიტზე“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.