ირაკლი მექვაბიშვილი - პოლიტიკაში დაფინანსების მიმართულებით პროცესები გამჭვირვალეა, თუმცა ე.წ. შავი ხვრელების არსებობას ვერ გამოვრიცხავთ
ირაკლი მექვაბიშვილი - პოლიტიკაში დაფინანსების მიმართულებით პროცესები გამჭვირვალეა, თუმცა ე.წ. შავი ხვრელების არსებობას ვერ გამოვრიცხავთ

პოლიტიკაში დაფინანსების მიმართულებით პროცესები გამჭვირვალეა, თუმცა თეორიულად შესაძლოა, ე.წ. შავი ხვრელებიც არსებობდეს, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ გახსნა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორთან ერთად, კანონმდებლობის დახვეწაზე მიმდინარეობს მუშაობა, ამასთან, შესაძლოა, მონიტორინგის განმახორციელებელ სტრუქტურებს შორის ასოციაცია ჩამოყალიბდეს.

„პროცესები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან ერთად, კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს არის ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომელიც დეკლარაციის წარდგენის ვადებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ამ ტიპის სამუშაოების შედეგად, ჩვენი სამსახური მონიტორინგის კუთხით გაცილებით ეფექტური გახდება. ბუნებრივია, თეორიულად ე.წ. შავი ხვრელების არსებობას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახური ყველა მსგავს შემთხვევას ყურადღებით მიადევნებს თვალს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, როგორც მექვაბიშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე – „ფული პოლიტიკაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.