ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებლის გაზრდა მნიშვნელოვანია
ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებლის გაზრდა მნიშვნელოვანია

ნდობის ჯგუფთან ყველა საკითხი კონსტრუქციულად განვიხილეთ და დეპუტატებთან შევთანხმდით, რომ შეხვედრები იქნება სისტემატური, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. როგორც მექვაბიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს, რა დროსაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვანია.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ნდობის ჯგუფის ფორმატში, სადაც განვიხილეთ 2015-2016 წლების შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით და ასევე სასჯელაღსრულების მიმართულებით. განხილვა შეეხებოდა შესყიდვების ნაწილს და ასევე ფინანსურ ნაწილს, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო. დანარჩენ ნაწილში დასკვნები არის ღია და საჯარო. საჯარო ნაწილი არის გამოქვეყნებული, საიდუმლო ნაწილზე, ბუნებრივია, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ამგვარად, შემიძლია, ზოგადად შევაფასო, რომ შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ყველა საკითხზე იყო ძალიან კონსტრუქციული განხილვა და ჩვენ დეპუტატებთან, პარლამენტთან პრინციპულად შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრები იქნება სისტემატური.

ჩვენ განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი მიმართულებით დებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და აქ არის ზუსტად პარლამენტის როლი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.