ირაკლი მენაღარიშვილი - პრემიერის მიმართვა რუსეთისადმი კორექტულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპანტია და პასუხს აგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ირაკლი მენაღარიშვილი - პრემიერის მიმართვა რუსეთისადმი კორექტულია, ვინაიდან რუსეთი ოკუპანტია და პასუხს აგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

პრემიერის დღევანდელი განცხადება გამოწვეულია იმ ტრაგიკული არაადამიანური მოვლენის გამო, რომელიც ჩვენი თანამოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას და შემდგომ გაგრძელებულ პრობლემას ეხება, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი.

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, პრემიერის მოწოდება რუსეთის მხრიდან ჩადენილი ექსცესების აღკვეთას ეხება.

„მიმართვა რუსეთის მიმართ სრულიად კორექტულია, ვინაიდან იქ რუსეთია ოკუპანტი და პასუხს აგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი არაფერ შუში არიან და ეს ე.წ ხელისუფლების თვითმოქმედებაა, ყალბი და უსაფუძვლოა. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ შეიძლება აღდგეს, სანამ ადგილიდან არ დაიძვრება ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი. რუსეთი დეოკუპაციის საკითხზე საუბრისთვისაც კი მზად რომ არ არის, ამაზე უკანასკნელ პერიოდში არაერთი მინიშნება აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

კითხვაზე პრემიერის განცხადება რუსეთის მიმართ საუბრის შერბილებას ხომ არ ნიშნავს, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს.

„ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ისეთი რამ გააკეთა, რაც ჩვენი ქვეყნის მიერ რაიმე დათმობის პერსპექტივას აჩენს. მითუმეტეს, რომ საქართველოს დასათმობი არაფერი აქვს“, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.