ირაკლი მარგველაშვილი - დღგ-სგან გათავისუფლება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითად აისახება
ირაკლი მარგველაშვილი - დღგ-სგან გათავისუფლება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითად აისახება

დღგ-სგან გათავისუფლება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს დადებითად წაადგება, – ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც მწარმოებელს მედიკამენტის დამზადებაში ნაკლები რაოდენობის თანხა დაეხარჯება, ეს ფასს შეამცირებს და ხარისხსაც გაზრდის.

„ეს ინიციატივა ცალსახად დადებითია, ამაზე საუბარი წლების განმავლობაში მიდიოდა, რომ ადგილობრივი მწარმოებელი, რომელიც იძენს გარკვეულ აპარატურას მედიკამენტის წარმოებისთვის, რომელიც შემოაქვს იმპორტის დროს და იბეგრება დღგ-თი. შემოაქვს გარკვეული ნივთიერებები, შეიძლება დამხმარე ნივთიერება, შეიძლება აქტიური ნივთიერება, რომ საბოლოო პროდუქტი აწარმოოს საქართველოში, იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ბუნებრივია, დღგ-ს თანხა აისახება მედიკამენტის ფასში.

ამისგან, დღგ-სგან გათავისუფლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებითად წაადგება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს. როდესაც მწარმოებელს დაუჯდება მედიკამენტის დამზადება ნაკლები, ეს ფასს შეამცირებს და ხარისხსაც გაზრდის, რადგან თუ მას ექნება საშუალება, უკეთესი აპარატურა ნაკლებ ფასად შეიძინოს და გადააიარაღოს თავისი წარმოება, დღგ-სგან გათავისუფლება იგივე ძირითადი საშუალებების, მაგალითად საწარმოო აპარატურის, ძალიან წაადგება, როგორც არსებულ წარმოებას, ასევე იმ მწარმოებლებს, რომლებიც ამ პერიოდში რესტრუქტურიზაციას აპირებენ“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ფარმაციის დარგში დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, ამიტომ საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები.