ირაკლი მაჭარაშვილი - საქართველოში ტყეებს სხვადასხვა მექანიზმით ანადგურებენ
ირაკლი მაჭარაშვილი - საქართველოში ტყეებს სხვადასხვა მექანიზმით ანადგურებენ

საქართველოში ტყეებს სხვადასხვა მექანიზმით ანადგურებენ, რაც ყველამ იცის და ამას თვალის მიდევნება სჭირდება, რადგან პროცესში ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე მოსამართლე ფიგურირებს, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„პრაქტიკულად, სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რითაც, ერთი მხრივ, დანაშაულები „პრავდება“ და მეორე მხრივ, სხვა პოტენციური დამნაშავეების წახალისება ხდება. მაგალითისთვის, ერთ მექანიზმს განვმარტავ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაშინ დგება, როცა გარემოზე მიყენებული ზარალი 1000 ლარს აჭარბებს. სასამართლო კი იტყვის, რომ ზარალი 987 ლარია და ადმინისტრაციულ სასჯელს განსაზღვრავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.  

მისი თქმით, ტყის უკანონო მჭრელებმა აქედან თავის დაძვრენის მექანიზმიც იპოვეს.

„როდესაც უკანონო მჭრელები ტყეში შედიან, მანქანაში სოციალურად დაუცველ კაცს ჩაისვამენ და თუ ათიდან ერთი ვინმემ დაიჭირა, იტყვიან, რომ მოჭრილი მასალა ამ სოციალურად დაუცველი კაცისაა. ისიც ადასტურებს და პასუხისმგებლობისგან ასე თავისუფლდებიან“, – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.

როგორც ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა აღნიშნა, აღსრულების ნაწილი მნიშვნელოვანწილად, შსს–სა და სასამართლოზეა დამოკიდებული და სამწუხაროა, რომ ისინი გარემოსდაცვით დანაშაულს, როგორც დანაშაულს არ უყურებენ.