ირაკლი ლექვინაძემ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ლექვინაძემ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით დაგეგმილ ონლაინღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავება, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების პრეზენტაციები გაიმართა, რომელიც ორგანიზატორი უწყებისა და „TBC კაპიტალის“ მიერ მომზადდა.

დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვერსტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ – სახელმწიფო სტრუქტურისა და ბიზნესმედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის, კერძოდ: ავიაკომპანია Air Astana-ს, „სილქ როუდ ჯგუფის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „კაპიტალ ჯგუფის“, „რომპეტროლის“, ბათუმის ნავთობ ტერმინალის და GK Logistics-ის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა.