ირაკლი ლექვინაძე - „თიბისი ბანკის“ გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის
ირაკლი ლექვინაძე - „თიბისი ბანკის“ გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა მხარეს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

ლექვინაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების გაიაფებას გამოეხმაურა და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის ჯგუფში“ დაკავებული თანამდებობების დატოვებაც შეაფასა.

„ცხადია, რომ მიმდინარე პროცესს ყველა იმ ბიზნეს საქმიანობაზე ექნება ასახვა, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. აქციების მყისიერი გაუფასურებაც ამას ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე სწორია მათი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციების დატოვება.

ყველა მხარე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, რადგან პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია „თიბისი ბანკი“, სისტემური ბანკი, რომლის გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.