ირაკლი ლექვინაძე - შრომის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეში ჩარევა ხდება
ირაკლი ლექვინაძე - შრომის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეში ჩარევა ხდება

შრომის კოდექსში  წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩართულია შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები,  არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული  დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების  ნაწილი უნდა იყოს  და  ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ  ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში  ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ,  იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის.

ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე  რეგულირების გავლენის შეფასების ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს  ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები ანალიზი აუცილებელია.

„ლოგიკური და აუცილებელიცაა, ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს  ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიც და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა, რათა დავინახოთ  ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.