ირაკლი ლექვინაძე - შემცირებულია საწვავის იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის სხვა ფაქტორები, თუმცა რჩება მაღალი მარჟები, მოკვლევის ფარგლებში უნდა გავარკვიოთ, რა განაპირობებს მაღალი ფასნამატების შენარჩუნებას
ირაკლი ლექვინაძე - შემცირებულია საწვავის იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის სხვა ფაქტორები, თუმცა რჩება მაღალი მარჟები, მოკვლევის ფარგლებში უნდა გავარკვიოთ, რა განაპირობებს მაღალი ფასნამატების შენარჩუნებას

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით აგვისტოდან მიმდინარეობს მოკვლევა ხუთ მსხვილ რეალიზატორთან მიმართებით.

ლექვინაძის თქმით, თვალყურს ადევნებენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ფასებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფიქსირდება. ლექვინაძის განცხადებით, გასარკვევია, რატომ რჩება მაღალი მარჟები, როცა შემცირებულია იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის შემადგენელი სხვა ფაქტორები.

„ჩვენ გაკეთებული გვაქვს ფასწარმოქმნის ანალიზი 2022 წლის მთელი წლის განმავლობაში. მარტის თვიდან იწყება საწვავის გაიაფების პროცესი და, პიკურ პერიოდს თუ შევადარებთ, დაახლოებით 1.2 ლარის ფარგლებაშია ყველა ტიპის საწვავზე ფასი შემცირებული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში, მარჟები რჩება მაღალი. ის მარჟები, რაც ფიქსირდებოდა აპრილ-მარტში, რაც ფიქსირდებოდა ივნის-ივლისში, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბერშიც არის შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია იმპორტის ღირებულება და ფასწარმოქმნის შემადგენელი სხვა ფაქტორები, რომლებიც საბოლოო ფასს განაპირობებს. ამ პარამეტრებს თუ შევხედავთ და შევადარებთ მსხვილ ქსელში ტაბლოს ფასებს, ამ შემთხვევაში მარჟების ფასები მაინც რჩება დაახლოებით 80 თეთრის არეალში, განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემთხვევას.

თებერვალში პირველადი შედეგები გვექნება წარმოდგენილი, ეკონომიკური ანალიზი ამ მიმართულებით დასრულებულია, მიმდინარეობს სამართლებრივი შეფასების პროცესი და, ბუნებრივია, მოკვლევის დასრულების შემდე, წარმოდგენილი გვექნება ბევრად დეტალური ინფორმაცია, 2022 წელს მსხვილი რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე არაკეთილსინდისიერ ქცევას, რამაც შესაძლოა, ბაზარზე ამ პერიოდში გამოიწვია კონკურენციის შეზღუდვა და, საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნიდან იმპორტის თვითღირებულება მცირდება, რა განაპირობებს ასეთი მაღალი ფასნამატების შენარჩუნებას. ეს არის, რაც უნდა გავარკვიოთ ამ მოკვლევის ფარგლებში და დასრულების შემდეგ დეტალური სურათი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საცალო ფასები 1-1.2 ლარით არის შემცირებული, მარჟები იგივე რჩება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.