ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი განსაკუთრებულია
ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი განსაკუთრებულია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე მოქალაქეებს ევროპის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ისტორიულია პროცესი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით მიმდინარეობს – საქართველოს წარდგენილი აქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

„კითხვარში, რომელიც საქართველოს მიერ იქნა წარდგენილი, მნიშვნელოვანი თავი არის კონკურენცია. ჩვენი გუნდი აქტიურად იყო ჩართული კითხვარის მომზადების პროცესში და ჯამში, 100 მდე პასუხი იქნა მომზადებული. ივნისის თვეში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში იწყება 2-წლიანი დაძმობილების პროგრამა (TWINNING), რომელიც ფოკუსირებული იქნება კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ევროკავშირის როლი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. 2014 წელს ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციის პოლიტიკის შექმნა, შესაბამისი ორგანოს სტატუსისა და როლის განსაზღვრა საქართველოში 1992 წლიდან იწყება, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად სწორედ 2014 წელს შეიქმნა. 2020 წელს, უწყების წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ჰქონოდა ეფექტური, DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, სრულყოფილი კანონმდებლობა, წარმატებით განხორციელდა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. 2022 წელს კი საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ, რომლის აღსრულებაც მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიწვევით, ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრება.