ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში დღეს ადმინისტრაციული მეთოდით რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება არ ხდება  
ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში დღეს ადმინისტრაციული მეთოდით რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება არ ხდება  

საქართველოში დღეს არანაირი ადმინისტრაციული მეთოდით რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება არ ხდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ პურის ფასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პურის გაძვირების მიზეზი აიხსნა და ეს ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები იყო.

„ერთი რამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არანაირი ადმინისტრაციული მეთოდით დღეს საქართველოში რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება ნამდვილად არ ხდება. ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები და ეს იყო ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები. ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტოს ექნება თავისი შესწავლის შედეგები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რომელიმე მიმართულებით დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი მოქმედების ფაქტები, შემდეგ იქნება შესაძლებელი სათანადო ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, ადმინისტრაციული მეთოდით პურის ფასზე გავლენა არ ხდება.

„თუმცა, ეს იყო მხოლოდ ერთი კომპანიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია და ალბათ, ზოგადად, მთლიან სექტორში საკითხი ასე მწვავედ არ დგას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა.

რამდენიმე დღის წინ „იფქლის“ დასახელების ყველა პურზე ფასი 10 თეთრით გაძვირდა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამის ორგანოებს მიმართა, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.