ირაკლი ლექვინაძე - მზად ვართ, ვიშუამდგომლოთ „ომეგას“ დავალიანების ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, მაგრამ ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის არ არის კორექტული
ირაკლი ლექვინაძე - მზად ვართ, ვიშუამდგომლოთ „ომეგას“ დავალიანების ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, მაგრამ ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის არ არის კორექტული

მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ჩანაწერები, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მორიგი ფარული ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ შეეხება.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მეორე მხარე აცხადებს, რომ ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება.

„როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ამგვარი შეხვედრის ჩაწერა და შემდეგ მისი გასაჯაროება, ცოტა არაეთიკურია. ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებული. ზოგადად კი, არ უნდა ხდებოდეს „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება „ტვ იბერიასთან“, ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ აქვს დეკლარირებული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ. ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში. ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ რაც ხდება კომპანიის მხრიდან, კერძოდ, ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.