ირაკლი ლექვინაძე - მზად ვარ, შევხვდე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, თუ აქვთ ინფორმაცია, რომელი უწყებიდან ხდება ზეწოლა
ირაკლი ლექვინაძე - მზად ვარ, შევხვდე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, თუ აქვთ ინფორმაცია, რომელი უწყებიდან ხდება ზეწოლა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს შეხვდეს.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ის პრესკონფერენციებზე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ეყრდნობა და სხვა სახით გავრცელებულ ინფორმაციასა თუ წერილებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ აქვთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში.

ამასთან, მისი შეფასებით, შექმნილმა ვითარებამ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საინვესტიციო ფონი არ უნდა დააზიანოს.

„აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზიანოს საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შეიძლება, არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში, ამიტომ ინვესტორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ არის, თუმცა აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას.