ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ახალ რეგლამენტს ბიზნესსექტორთან კონსულტაციები სჭირდება
ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ახალ რეგლამენტს ბიზნესსექტორთან კონსულტაციები სჭირდება

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გადაწია და ძალაში 2019 წლის პირველი მარტიდან შევა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ბიზნესსექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ჩვენი რეკომენდაციით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა ექვსი თვით გადაწია და დღევანდელი მდგომარეობით ახალი რეგლამენტი ძალაში 2019 წლის პირველი მარტიდან შედის. თუმცა, მაინც რჩება რიგი საკითხები, რომლებიც ბიზნესსექტორისთვის პრობლემურია და სჭირდება დამატებითი დრო და კონსულტაციები“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს არაერთმა მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა მომართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით და აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად.

„2019 წლის ეტიკეტებში, რომელიც მწარმოებლების მიერ 2018 წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც კომპანიები დააყენა შესაძლო ზარალის საფრთხის წინაშე. თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება უფრო მკაფიო განმარტებები და სტანდარტიზაცია“, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, პროცესში ჩართული მხარეები ღია არიან შემდგომი კონსულტაციებისთვის და უკვე დაგეგმილია შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

„უნდა მოინახოს შესაძლებლობები ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დაზარალოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.