ირაკლი ლექვინაძე - მივესალმებით ეროვნული ბანკის პოზიციას, რომელმაც ბიზნესსექტორის მოსაზრებები გაიზიარა
ირაკლი ლექვინაძე - მივესალმებით ეროვნული ბანკის პოზიციას, რომელმაც ბიზნესსექტორის მოსაზრებები გაიზიარა

მივესალმებით ეროვნული ბანკის პოზიციას, რომელმაც საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესსექტორის მოსაზრებები გაიზიარა, – ამის შესახებ პირველ არხს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეროვნულ ბანკთან და ბიზნესსექტორთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებში აქტიურად იყო ჩართული.

„ორი მნიშვნელოვანი შენიშვნა გვქონდა. პირველი იყო ტექნიკური ხასიათის, ანუ ვადები, რა ვადებშიც ვერ ესწრებოდა ტექნიკურად ნებისმიერი რედაქციით აღნიშნული დებულების იმპლემენტაცია,  მეორე  – შინაარსობრივი. აღნიშნული დებულების გარკვეული ნაწილი პასუხობდა ჭარბვალიანობის შესახებ გამოწვევას, მაგრამ იყო შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ზოგადად სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე, მათ შორის როგორც უძრავი ქონების, ასევე სხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით, გონივრული იქნებოდა, სულ მცირე ერთთვიანი გადავადება, რათა დებულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებიც გადაიჭრას და შინაარსობრივად დებულება მეტად ოპტიმალური გახდეს. მისი თქმით, აღნიშნული ვადა დაინტერესებულ მხარეებს მისცემს საშუალებას,  კონსულტაციები გაგრძელდეს და დებულება შინაარსობრივ ნაწილში დაუახლოვდეს ბიზნესსექტორის მოთხოვნებს, ასევე უპასუხოს გამოწვევას, რაც ჭარბვალიანობას უკავშირდება.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების ამოქმედება, რომელიც პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადავადდა. როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

მოგვიანებით, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ განახლებული დებულება სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ამოქმედდება.