ირაკლი ლექვინაძე - მივესალმები „თიბისი ბანკის“ საკითხზე ნებისმიერ კომუნიკაციას, თუ იქნება შინაარსობრივი განხილვა და არა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა
ირაკლი ლექვინაძე - მივესალმები „თიბისი ბანკის“ საკითხზე ნებისმიერ კომუნიკაციას, თუ იქნება შინაარსობრივი განხილვა და არა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა

„თიბისი ბანკთან“ მიმართებით ეროვნული ბანკის მოქმედებებთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია. ამის დასტურია „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას, რომელიც პასუხობს საზოგადოების ინტერესს ამ საკითხთან მიმართებით, თუმცა ეროვნული ბანკი არის საფინანსო და საბანკო სექტორის მარეგულირებელი და ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ის განმარტება, რომელიც გაკეთებულია ეროვნული ბანკის მხრიდან, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი „თიბისი ბანკთან“ მიმართებით, პირადად ჩემთვის ეს შინაარსი აბსოლუტურად გასაგებია. იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა, ვფიქრობ, ბანკთან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია და ამის არგუმენტი მაქვს – თვითონ „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება არის ამის დასტური“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახის კომუნიკაციას მიესალმება, მათ შორის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას.

„მნიშვნელოვანია, თუ ეს იქნება შინაარსობრივი განხილვა და არა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ასევე, ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ბიზნესასოციაციები, დიპლომატიური კორპუსი თუ საერთაშორისო ინვესტორები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკურ ელფერს „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის საკითხი საქართველოში ვერ სცდება ხოლმე პოლიტიკურ სიბრტყეს.

„ბუნებრივია აქაც იქნება მცდელობა, რომ აღნიშნული საკითხი ამ ჭრილში იქნას გადატანილი, თუმცა მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი იქნება კომუნიკაცია, შინაარსობრივი ახსნა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, უფრო ნაკლებ სივრცეს დატოვებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.