ირაკლი ლექვინაძე - ლარის კურსის გამყარება გვაძლევს საფუძველს, რომ აგვისტოში საწვავის ფასზე კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს
ირაკლი ლექვინაძე - ლარის კურსის გამყარება გვაძლევს საფუძველს, რომ აგვისტოში საწვავის ფასზე კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს

ფიქსირდება ლარის კურსის გამყარების ტენდენცია და სტაბილურობა, შესაბამისად, ეს პროცესები გვაძლევს საფუძველს, რომ აგვისტოს თვეში საწვავის ფასებზე კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, გასულ კვირას ყველა ტიპის საწვავთან მიმართებაში დაახლოებით 10-15-თეთრიან შემცირებას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასის შემცირება ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის საწვავზე. ასევე განსაკუთრებით ვარდება ფასი დიზელის მიმართულებით. ამავე პერიოდში ფიქსირდება კურსის გამყარების ტენდენცია და ასევე სტაბილურობა, შესაბამისად, ეს პროცესები გვაძლევს საფუძველს, რომ აგვისტოს თვეში კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, ალბათ კომპანიები ამას თავადაც განაცხადებენ, რადგანაც ეს შესაძლებლობები რეალურად არსებობს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა მონიტორინგის ანგარიშზე მუშაობა, რომელიც მოიცავს 2022 წლის 7 თვის შედეგებს, საავტომობილო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ანგარიშში გამოიკვეთა, რომ ბაზარზე იყვნენ რიგი მსხვილი კომპანიები და იმპორტიორები, რომლებსაც შეეძლოთ, გარკვეულწილად თვითღირებულებიდან გამომდინარე, ასევე საკუთარი საბაჟო საწყობებიდან რეალიზაციის თითღირებულებიდან გამომდინარე, ბაზარზე ჰქონოდათ უკეთესი ფასი, ვიდრე ეს რეალურად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული პროცესის შეფასებისას გვაქვს საფუძველი, რომ მონიტორინგის პროცესი დავხუროთ და გადავიდეთ მოკვლევის ეტაპზე, რადგანაც რეალურად გავარკვიოთ რამდენად იყო მათი ქმედებები კეთილსინდისიერი. უახლოეს დღეებში კონკურენციის ეროვნული სააგენტო გამოაცხადებს მოკვლევის დაწყების შესახებ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არიან საქართველოში საწვავის მთავარი იმპორტიორები და რეალიზატორები. საზოგადოებაში არის კითხვები – რატომ არ ხდება რიგ შემთხვევებში ასახვა საცალო ბაზარზე იმ ფასების, როდესაც თვითღირებულება მცირდება, როდესაც კურსის გამყარების პროცესია, თუ საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულწილად შემცირების ტენდენციაა, არის თუ არა ამ პროცესში რაიმე კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებები –  ამას მოკვლევის პროცესი გასცემს პასუხს. ვფიქრობ, მოკვლევა იქნება ის პროცესი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“, – განაცხადა ლექვინაძემ.