ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის მთავარი მიზანია ხუთი მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც საწვავის გაიაფებული იმპორტი არ აისახა საცალო ქსელის ფასებზე
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის მთავარი მიზანია ხუთი მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც საწვავის გაიაფებული იმპორტი არ აისახა საცალო ქსელის ფასებზე

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად არის დაწყებული საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების კლების პროცესი, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, აგვისტოს თვეში ყველა ტიპის სავწვაზე დაახლოებით 30-40 თეთრიანი კლება გვაქვს.

მისივე თქმით, ეს პროცესი გრძელდებოდა სექტემბრის თვეშიც, დაახლოებით 10-30 თეთრის ფარგლებშია კლების მაჩვენებელი ყველა ტიპის საწვავზე.

ლექვინაძის განმარტებით, ამას ხელს უწყობდა ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება და კლების ტენდენცია ნავთობის ბაზრებზე, ასევე ადგილობრივი ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია.

ამასთან, ლექვინაძემ ასევე ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს საავტომობილო ფასებზე სააგენტოს მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია მოკვლევა საწვავის ბაზარზე ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ.

„საქმე ეხება 2022 წლის შვიდ თვეში დაფიქსირებულ შედეგებს, კერძოდ რუსეთთან იმპორტის შემთხვევაში გაიაფებული საწვავი სათანადოდ არ აისახა საცალო ბაზარზე და ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში კონკურენტ მოვაჭრეებზე საბაჟო საწყობიდან ხდებოდა საწვავის უფრო იაფად 1 ლიტრზე 75 თეთრით უფრო გაყიდვა, ვიდრე ეს ხდებოდა საკუთარ ქსელში შეტანისას.

ეს არის მთავარი საკითხები, რის გამოც ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა და ვცდილობთ, გავარკვიოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეალიზატორების ქცევა რამდენად იყო კეთილსინდისიერი. მოკვლევის პროცესში ჩვენ დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოკვლევის შედეგად გაირკვეს 2022 წლის პერიოდში მაშინ, როდესაც რიგ კომპანიებს შეეძლოთ ხელსაყრელ ფასად მიეწოდებინათ ბაზარზე მომხმარებლისთვის ფასები, ამით გაეზარდათ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა და საბაზრო წილი – რატო არ მოხდა ეს, როდესაც საქართველოში შემოდიოდა გაიაფებული საწვავი და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული რაიმე ტიპის შეთანხმებულ ქცევასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აღნიშნული მოკვლევა არის დაწყებული და დაახლოებით მოკვლევის დაწყებიდან ექვს თვეში ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგები, რამდენად კეთილსინდისიერი იყო მსხვილი რეალიზატორების მხრიდან აღნიშნული ქცევა“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კითხვაზე, რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში იმპორტის დონეზე შემომტანი არის დაახლოებით 45 კომპანია, თუმცა სამი მსხვილი კომპანია ფიქსირდება, რომელსაც აქვს ჯგუფური დომინირების მოცემულობა.

„საცალო ბაზარს რაც შეეხება, ჩვენ გვყავს ხუთი მსხვილი რეალიზატორი, რომელთა ერთობლივი წილი ბაზარზე დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებშია, დანარჩენი 40 პროცენტი უჭირავთ შედარებით მცირე ქსელებს. თუმცა ეს წილები ბოლო პერიოდში არის მნიშვნელოვნად სტაბილური მსხვილი კომპანიის წილებს ვგულისხმობ და მთლიანობაში გვაქვს ეს მოცულობა. ბაზარი 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით არის ბევრად უფრო კონკურენტული, თუმცა არის რიგი პროცესები, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს იწვევს და მოკვლევის მთავარი მიზანიც არის, კერძოდ ეს არის 5 მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც გაიაფებული იმპორტის შემთხვევაში არ მოხდა სათანადო ასახვა ამ ფასების საცალო ბაზარზე და ამ ქცევის კეთილსინდისიერების შესწავლაზეა ორიენტირებული ჩვენი მოკვლევის პროცესი. მთლიანობაში ეს სურათი გვაქვს, თუმცა რამდენად იყო კონკურენტული მსხვილი რეალიზატორების ქცევა, ამას ბუნებრივია, ჩვენი მოკვლევის პროცესი დაადგენს“, – განაცხადა ლექვინაძემ.