ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ბიზნესისგან განმარტებების გამოთხოვის თაობაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ბიზნესასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის, საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისა და ნავთობიმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კომპანიებისგან განმარტებების გამოთხოვის შესახებ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მათთვის გაუგებარია კონკურენციის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ფასების შეთანხმებულ მატებასა და ბიზნესებს შორის ე.წ. გარიგების შესახებ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს განცხადება ბიზნესში გაუგებრობა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მოკვლევის დაწყება არ იგეგმება.

„ყველა კომპანია დამოუკიდებელია საკუთარი საფასო სტრატეგიის შერჩევაში და ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის გათვალისწინებით თავად ახდენს სამომხმარებლო ფასის ფორმირებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია განმარტების მიღება ასოციაციების მხრიდან და არა მოკვლევის დაწყება ამ საკითხზე, თუმცა განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია. სასურველია, მსგავსი შემთხვევის დროს ბიზნესასოციაციებთან კომუნიკაციის ფორმა სწორად იყოს შერჩეული, რათა ამან არ გამოიწვიოს ბუნდოვანება.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოსთან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.

მიმაჩნია, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ამ განცხადების ფორმა შეიძლება,  უფრო დახვეწილი ყოფილიყო, თუ არსებობს რამე საკითხი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მხრიდან იწვევს კითხვის ნიშნებს კანონთან მიმართებაში, არ არის აუცილებელი, საჯარო განცხადების ფორმით იქნას გამოხატული, შესაძლებელია უშუალოდ შეკრება სხვადასხვა ბიზნესასოციაციის ფორმატში და იქ არსებული განმარტებების მიღება. ვფიქრობ, ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ მომავალში თუ იქნება მსგავსი საკითხები, აღმნიშნული ფორმატით გავაგრძელოთ თანამშრომლობა”, – განაცხადა ლექვინაძემ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. „გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკ-ფაქტორებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი