ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 50-ზე მეტი საქმის შესწავლა აქვს დაწყებული, რომელთაგან 80% ონლაინვაჭრობას ეხება
ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 50-ზე მეტი საქმის შესწავლა აქვს დაწყებული, რომელთაგან 80% ონლაინვაჭრობას ეხება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტოში 90-მდე განაცხადი შევიდა. მისივე თქმით, შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე.

როგორც ლექვინაძე ამბობს, მომხმარებლის მხრიდან საჩივართა მეტი წილი ონლაინვაჭრობას უკავშირდება.

„2022 წლის პირველი ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო. ამ ორთვენახევრიან პერიოდში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მომხმარებელთა მხრიდან 90-მდე განაცხადი აქვს მიღებული. შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე, მათ შორის ყველაზე ცნობილია კომპანია USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დაწყებული საქმე. 15-მდე განაცხადი შემოვიდა მხოლოდ ამ კომპანის წინააღმდეგ. ჩვენ დასახელებულ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იანვარში მივიღებთ. შეიძლება, დადგეს სამი გადაწყვეტლება.

პირველი – კომპანიას დაუდგინდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დროული არაინფორმირებულობის კუთხით. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მიეცემა გონივრული ვადა, გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, აღადგინოს მოხმარებლების დარღვეული უფლებები. ეს გონივრულ ვადაში თუ არ მოხერხდა, გამოყენებული იქნება საჯარიმო საქნცია; მეორე – კომპანია თუ განმარტავს და ობიექტური გარემოებებით ახსნის ცვლილებას, რაც მომხმარებელთა მიმართ განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანია გამართლდეს;

მესამე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პირობითი ვალდებულების აღება, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანიამ დაადასტუროს დარღვევა და აიღოს პირობითი ვალდებულება, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს მომხმარებელთა დარღვეულ უფლებებს. ასეთ დროს საქმის წარმოება წყდება და კომპანის მხრიდან მომხმარებელების მიმართ განხორციელებულ ნაბიჯებს ველოდებით. ეს სამი შესაძლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც იანვრის ბოლოს გამოვაცხადებთ.

რაც შეეხება დანარჩენ საქმეებს, საქმეების დაახლოებით 80% ონლაინვაჭრობის შემთხვევებს ეხება. მომხმარებლები ძირითადად თბილისიდან არიან. ასევე ძირითადი სექტორი, სადაც პრეტენზია მოდის, ეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ტანსაცმლით ვაჭრობის შემთხვევებს. თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, თანხის არდაბრუნება, პროდუქციაზე წუნის აღმოჩენა, გარანტიასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.