ირაკლი ლექვინაძე - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი
ირაკლი ლექვინაძე - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი

ასეთი ღია მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეგიონში საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს აისახება საინვესტიციო აქტივობების ზრდასა და პროექტების ბოლომდე მიყვანაში, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს.

„ჩემი აზრით, ამას უნდა მოჰყვეს ასახვა საინვესტიციო აქტივობების ზრდაში და ის დაგეგმილი პროექტი, რაც გულისხმობს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმებას. ვფიქრობ, ეს არის უახლოესი პერსპექტივა და მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ხელს უწყობს მსგავსი პროექტების საბოლოო წერტილამდე მიყვანას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას