ირაკლი ლექვინაძე - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე
ირაკლი ლექვინაძე - გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშზე საუბრისას, სადაც საქართველო დაწინაურდა და 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა.

მისი თქმით, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი რეიტინგი ქვეყნების შეფასებისას, რომელიც 12 ძირითად მიმართულებას მოიცავს. მისივე თქმით, აღნიშნულ რეიტინგში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინდექსში დაწინაურება ეყრდნობა იმ მაჩვენებლების გაუმჯობესებას, რომელიც ბიზნესის კომპონენტშია.

„რეიტინგში გაუმჯობესება იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში – დაბალი ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ბიზნესის წარმოების პროცესში.

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. როდესაც ინვესტორი აკეთებს არჩევანს რეგიონის რომელ ქვეყანაში დაიწყოს ბიზნეს საქმიანობა, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ექცევა ყურადღება. ეს არის ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო მეტად უსაფრთხო გახდა. ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.