ირაკლი ლექვინაძე - საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია
ირაკლი ლექვინაძე - საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია

საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველ არხს 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო.

როგორც მიმოხილვიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-სექტემბრში ქვეყანაში 32 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 082 971 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 3.6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის თურქმენეთი გახდა და იანვარ-სექტემბერში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი, 23.6 პროცენტი სწორედ თურქმენეთიდან განხორციელდა. შემდეგ მოდის რუსეთი 19.3 პროცენტით და აზერბაიჯანი 18.1 პროცენტით. შუალედური ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთო იმპორტის 44.6%-ს დიზელის ტიპის საწვავი შეადგენს, ხოლო 55.4% ბენზინის.

ბენზინის ტიპის საწვავიდან კი, ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავია. ამასთან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდი, ნედლი ნავთობისა და შესაბამისად პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 452 დოლარიანი მაჩვენებლიდან, 30 ივნისის მდგომარეობით 62.6%-ით გაიზარდა და 735 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 30 სექტემბერს ფასის ნიშნული 805 დოლარს გაუტოლდა.

„ბაზარზე რეალურად კონკურენცია არსებობს და აქ რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ფასების ცვლილებაში ნაკლებია და ძირითადად ფასების ზრდა უკავშირდება გლობალურ ფაქტორს. თუმცა, ჩვენ ვუყურებთ იმ ბაზრებსაც, რომლებიც ასევე არიან იმპორტიორები. მაგალითად: სომხეთი, უკრაინა და ა.შ. იმ ბაზრებსაც, საიდანაც საქართველოში შემოდის ძირითადად საწვავი – ეს არის ბულგარეთი, რუმინეთი და სხვათა შორის შეცვლილია მთავარი იმპორტიორი და ეს გახდა თურქმენეთი. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად იგივე დინამიკაა ამ ბაზრებზე. უბრალოდ ბულგარეთთან და რუმინეთთან შედარებით, შესაძლოა საქართველოში ოდნავ, 3-5 ცენტის ფარგლებში ზრდის ტემპი არის უფრო მეტი 2021 წელს, ვიდრე მაგალითად სხვა პერიოდებში, როდესაც ერთი ერთში ხდებოდა ამ პროცენტული სხვაობის დაბალანსება. თუმცა, აქაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული სავალუტო რისკების გამო და არა იმის გამო, რომ პირობითად კონკურენციასთან შეუთავსებელი ქმედებაა რომელიმე კომპანიის მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლექვინაძემ.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, საწვავის ბაზრის შესწვალის შედეგად დადგინდა, რომ მსხვილი კომპანიების რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო საცალო ფასსა და მცირე ქსელების ანალოგიური ტიპის საწვავის საცალო ფასს შორის სხვაობა, განსახილველ პერიოდში, 12-43 თეთრის დიაპაზონის ფარგლებშია.

„ჩვენი 9 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენ გვაქვს შემდეგი სურათი, რომ ბაზარზე არსებობს 5 მსხვილი ქსელი, რომელთა ერთიბლივი წილი არის 60 პროცენტამდე, დანარჩენი მცირე ქსელებს უჭირავთ. დაახლოებით იმპორტიორების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში საწვავი შემოაქვთ 50-მდეა. თუ შევადარებთ 2012 წლის პერიოდს, იმპორტიორების რაოდენობა 8-დან 50-მდეა გაზრდილი. გარდა ამისა, ერთი და იგივე ტიპის საწვავზე 2021 წელს ფიქსირდებოდა მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ფასთა დიაპაზონი 12-დან 40 თეთრის ფარგლებში. ანუ მოქალაქეს შეეძლო მსხვილ შედარებით, მცირე ქსელში იგივე საწვავზე ამ სხვაობით ჩაესხა იგივე ტიპის საწვავი. ეს ჩვენ გვაძლევს იმ შეფასების საფუძველს, რომ ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების ხელოვნურად ზრდას“, – აღნიშნა ლექვინაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს და კონკურენტული გარემოს სიღრმისეულ შუალედურ ანგარიშს, მათ შორის – საბითუმო ბაზრის ანალიზს, შეფასებებს და რეკომენდაციებს 2021 წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.