ირაკლი ლექვინაძე - ჩვენი მიზანია მომხმარებლის მეტად ინფორმირება, რათა მათი უფლებები იყოს დაცული
ირაკლი ლექვინაძე - ჩვენი მიზანია მომხმარებლის მეტად ინფორმირება, რათა მათი უფლებები იყოს დაცული

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებლის აქტიურ ჩართულობაზე, მათი ინტერესების შესაბამისად, სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე და საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე.

„საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ექვსივე მარეგულირებელი უწყების მიზანია ერთობლივ ფორმატში, ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა. სწორედ ამ მიზნით ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. ერთ-ერთია მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომელიც მოიცავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან შეხვედრას და მათთან აქტიური დიალოგის ფორმატში აღნიშნული მიმართულებით მიღებული შედეგების და გამოწვევების განხილვას. ჩვენი მიზანია, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. მისივე განცხადებით, III საერთაშორისო კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, მიმდინარე წლის განმავლობაში შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების და რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების გაძლიერება, აქტიური ჩართულობა და მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

10-15 მარტს მომხმარებლის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისში, ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის ფორმატში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, დეტალურად განიხილეს, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, ვის უნდა მიმართოს დარღვევის შემთხვევაში და რა ფორმით.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.