ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ფორუმის, რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტის ფარგლებში, პანელი „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“ გახსნა.

ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების ანალიზის საფუძველზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა და დელეგატებს მხარდაჭერის მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რითიც საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს თანამშრომლობაში დაეხმარება.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგულარულად მართავს შეხვედრებს რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან და ჩვენთვის ცნობილია ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში კერძო სექტორს აწუხებს. ბიზნესს რეგიონებში სჭირდება მოქნილი ბიუროკრატია და სწრაფი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა,  რეგიონებში ბიზნესგარემოსთან მიმართებაში კრიტიკული საკითხია დაგვიანებული, ბუნდოვანი ან პასუხგაუცემელი წერილები. ჩვენი აპარატი მზად არის, ხელი შეუწყოს ბიზნესსა და თვითმმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პანელზე მოხსენებები გააკეთეს და დელეგატებს სიტყვით მიმართეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა,  შალვა ალავერდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ ნანუაშვილმა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოგელმა.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი 2018 წელს დაარსდა, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის პლატფორმა თვითმმართველობის განვითარებასთან და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორუმი  საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს,  9 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.