ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა
ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ კონფერენაციაში „არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა და დელეგატებს სიტყვით მიმართა.

„ბოლო პერიოდში შემცირებულია საქმეების განხილვის დრო, მაგრამ გამოწვევად რჩება ბიზნესდავების სპეციფიკაში სასამართლოს სპეციალიზაცია“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მთავარი შენიშვნა, რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს, არის სასამართლოს სპეციალიზაციასთან და სასამართლო დავებთან დაკავშირებული პრობლემები.

„ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბიზნესის შენიშვნები ეხება საქმეების განხილვის გაჭიანურებას და სიღრმისეულ შესწავლას რიგი საკითხებისა, რომლებიც ბიზნესდავების სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ახალი რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული კომპეტენციების ზრდასთან, ახალი საარბიტრაჟო პლატფორმების შექმნასთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბიზნესს ეძლევა კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მისასალმებელია, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციაა ევროკავშირიდან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვებიან და გაფორმდება მემორანდუმი ვენის არბიტრაჟთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა მემორანდუმი პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოსთან, რომელიც დეკემბერში გაფორმდება. ეს არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან ავტორიტეტული პლატფორმა მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმომადგენლობა იქნება საქართველოში. აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რეგიონში იქცეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დავების განმხილველ ცენტრად“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.

„არბიტრაჟის დღეები 2018“-ის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (VIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.