ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა მიმდინარე წელს დასრულდება
ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა მიმდინარე წელს დასრულდება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი 2018 წელს დაიწყო და არსებობს ორწლიანი გეგმა აღნიშნული მონიტორინგის შედეგების დასრულებისთვის.

მისი თქმით, მონიტორინგის ერთი წლის თავზე განსაზღვრულია იმ მედიკამენტების ჯგუფი, რომლებზეც ყველაზე მოთხოვნაა.

„ამ დროისათვის კონკურენციის სააგენტოში მიმდინარეობს შვიდი ბაზრის მონიტორინგი და ასევე, ორ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა. ერთ-ერთი თემა არის სწორედ ფარმაციის სექტორის მონიტორინგი, რომელიც დაიწყო 2018 წლის დასაწყისში და არსებობს ორწლიანი გეგმა აღნიშნული მონიტორინგის შედეგების დასრულებისთვის. ჩვენ 2019 წლის დეკემბერში გვქონდა ერთი წლის მონაცემების შეჯამება. მინდა გითხრათ, რომ ერთი წლის თავზე დახასიათებულია და განსაზღვრულია შესაბამისი ბაზარი და ბაზრის სტრუქტურა, განსაზღვრულია იმ მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია მომხმარებლებს შორის და რომლებიც ზოგადად გავლენას ახდენენ მომხმარებლების მსყიდველთუნარიანობაზე. შექმნილია მეთოდოლოგიური ჩარჩო ჩვენი ევროპელი ექსპერტების მხარდაჭერით და მთლიანობაში ჩვენი კომუნიკაციით კომპანიებთან, დაახლოებით უკვე ვიცით, როგორი პროცესები გვექნება 2020 წლის პერიოდში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ერთის მხრივ გამოვითხოვოთ ინფორმაცია კომპანიებიდან 2019 წლის მონაცემების შესახებ, განვსაზღვროთ დამატებითი მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც უფრო მოთხოვნადია და გავლენას ახდენს ბაზრის მთლიან სტრუქტურაზე. ასევე შეფასებული იქნას ბაზრის კონცენტრაციის მთლიანი მაჩვენებლები და გამოიკვეთოს კრიტიკული საკითხები, თუ ასეთი არსებობს და თუ ეს მაჩვენებლები გავლენას ახდენს ზოგადად მომხმარებელზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, 2020 წლამდე კონსულტაციები გაიმართება როგორც კომპანიებთან, ისე ევროპელ ექსპერტებთან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულფასოვანი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე.

„ერთადერთი სირთულე, რაც ამ ეტაპზე გვაქვს არის ის, რომ მონიტორინგი არ ითვალისწინებს კომპანიების მხრიდან ინფორმაციის მოწოდების სავალდებულობას, თუმცა ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაციებით ვეცდებით, ინფორმაციის მოწოდება იყოს მაქსიმალური, რადგანაც ეს არის ყველასთვის სასარგებლო პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით არის ბევრი სპეკულაცია და ამ სპეკულაციებზე უნდა იყოს შესაბამისი სურათით შესაბამისი პასუხი გაცემული. საქართველოში მედიკამენტების ძირითადი ნაწილი არის იმპორტირებული, ამიტომ ჩვენი მონიტორინგის კვლევის ძირითადი მიმართულება არის სწორედ იმპორტზე”, – განაცხადა ლექვინაძემ.