ახალციხეში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი - გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა, ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქი მეტად კეთილმოეწყოს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი - გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა, ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქი მეტად კეთილმოეწყოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხეში ამ დროისთვის დათვლილი 36 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ლაზარაშვილი ლიდერობს. მას 56,97% აქვს, რაც მიღებული ხმების რაოდენობის 10 085-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ბალიაშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით 27,52% აქვს. მიღებული ხმების რაოდენობა 4 872-ს შეადგენს.

„გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა, რადგან მოსახლეობისგან იყო დიდი მხარდაჭერა. დადებითი ემოცია მომდინარეობდა მოსახლეობისგან. უდიდესი შრომა იყო ჩადებული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის მხრიდან. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ახორციელებს მერია, უნდა დასრულდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ქალაქი მეტად კეთილმოეწყოს, მოწესრიგდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, შეიქმნას სპორტული და კულტურული სივრცეები. კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 47.83 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.69 პროცენტი. რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.