ირაკლი კუპრაძე - ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მანამდე ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ სურს
ირაკლი კუპრაძე - ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მანამდე ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ სურს

„ქართული ოცნება“ ჩაკეტილი პოლიტიკური, ძალადობრივი დისკურსით იმოკლებს გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ და უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ტოვებს საქართველოს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მანამდე ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ საკუთარი პასუხისმგებლიანი პოზიციით სურს.

„ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ისინი არ არიან მზად დიალოგისთვის საკითხებზე, რაც კრიზისის გადაჭრის ერთადერთი შესაძლებლობაა. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე – სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვა ამ ქვეყანაში. ისინი ჩაკეტილი პოლიტიკური, ძალადობრივი დისკურსით იმოკლებენ გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ და, თავის მხრივ, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ტოვებენ საქართველოს სახელმწიფოს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზეც მზაობა უნდა გამოხატოს ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ საკუთარი პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი განცხადებით და პოზიციით უნდა. ჩვენ ამ პოზიციას არ შევცვლით, ვიდრე, ქართველ ხალხთან ერთად, არ ვაიძულებთ ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უკან დაიხიოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ჩანიშნოს ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

აღნიშნულ საკითხს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

„არ აქვს სალაპარაკო „ლელოსთან“ – თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. „ქართული ოცნება“ ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით. რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. „ლელოს“ ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა – როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე“, – დაწერა ირაკლი კუპრაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. „ლელოს“ განცხადებით, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე, ამის პარალელურად, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, შეჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით და დემოკრატიით ვაჭრობაში.