ირაკლი კუპრაძე - ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები არიან ბევრნი, შემოპარულიც ბევრი ყოფილა, კაკაურიძე ოფიციალურად არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი
ირაკლი კუპრაძე - ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები არიან ბევრნი, შემოპარულიც ბევრი ყოფილა, კაკაურიძე ოფიციალურად არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი

კაკაურიძე არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად, მათ შორის, არც საკრებულოს ფრაქციის წევრი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა პარტიის უკვე ყოფილი წევრის, მიხეილ კაკაურიძის შესახებ დასმულ კითხვაზე, რომელმაც ზურაბ აბაშიძის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას მხარი დაუჭირა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციაში ბევრნი არიან ჩანერგილი მოქალაქეები და შემოპარულებიც ბევრნი ყოფილან.

„ოპოზიციაში ჩანერგილი მოქალაქეები არიან ბევრნი და შემოპარულებიც ბევრი ყოფილან წლების განმავლობაში, მაგრამ ამის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივმართავ, რომლებიც „რუსთავი 2-ს“ უყურებენ, დაინახონ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ყიდულობს ამ მოღალატეებს. არ არის პრობლემა, რომ კაკაურიძე – ყოფილი „ნაციონალი“ წაიყვანეს? პრობლემა არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის? ამ დროს რომ ყიდულობენ ამ პროცესში მოქალაქეებს და ისევ გივი მიქანაძე რომ უზით, ადეიშვილის მოადგილე, რაზე მელაპარაკება საერთოდ რომელიმე „ქოცი?“ რა პრეტენზია აქვს საერთოდ ვინმესთან ამ პროცესში? უნდა ითქვას, რომ კაკაურიძე არ ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი ოფიციალურად, მათ შორის, არც საკრებულოს ფრაქციის წევრი. ეს ოფიციალური მონაცემებია, ამის გადამოწმება საჯაროდაც შეგიძლიათ. მან დაუშვა შეცდომა, უღალატა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ასეთი მოღალატეების ადგილი არის სწორედ „ქართულ ოცნებაში“, სიკეთეში მოახმაროს ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეგეთი მოღალატეები“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მანამდე „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ პარტიის წევრი მიხეილ კაკაურიძე „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რის გამოც გაერთიანებიდან გარიცხეს.