ირაკლი კუპრაძე – „ლელოს“ არასდროს არ ჰქონია რამე ტიპის ქმედება ან მოტივაცია, რომელიც გულისხმობს ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას, განსაკუთრებით, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“

23:34, 15.07.2026

ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ერთობაზე, ქართველ ხალხთან ერთობაზე და „ლელოს“ არასდროს არ ჰქონია რამე ტიპის ქმედება ან მოტივაცია, რომელიც გულისხმობს ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას, განსაკუთრებით, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას, – ასე უპასუხა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, იქნებოდა თუ არა უმჯობესი, მარტში შეერთებოდნენ ცხრა პოლიტიკური ძალისგან ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსს, რადგან მანამდეც არაერთხელ უსაუბრია, რომ საჭირო არის და საზოგადოების დაკვეთაა ერთიანობა, რატომ გაემიჯნა „ლელო“ ოპოზიციურ ალიანსს, არის თუ არა ოპოზიციის ერთობა დღეს საზოგადოების დაკვეთა და ფიქრობს თუ არა, რომ ეს იყო ერთგვარი შეცდომა?

თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა 2020 წლის არჩევნების დროს მათი ერთობლივი თანამშრომლობა, არჩევნების შემდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომ ისინი ერთი ფორმატის გარშემო იკრიბებოდნენ და „ლელოს“ აქვს მათთან თანამშრომლობის გამოცდილება, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაზეც კუპრაძემ განაცხადა, რომ მას ფაქტორები არასწორად ახსოვს.

„მე მგონი, არასწორად გახსოვთ ეს ფაქტორები. თანამშრომლობა სხვა ფორმაა, ჩვენ კრიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში“, – განაცხადა კუპრაძემ.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, უშინაარსო, შინაარსზე არდაყრდნობილი, თავსებადობაზე არდაყრდნობილი რამე ტიპის ერთობები „ლელოსთვის“ მისაღები არ არის.

„ჩვენთვის ნებისმიერი ერთობა არის მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის თავსებადი, თუ შინაარსობრივად წარსულის, აწმყოს და მომავლის შეფასებაში ერთმანეთს ვემთხვევით, ჩვენს კოალიციას კი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“, თამარ ჩერგოლეიშვილის თუ სხვადასხვა შემადგენლობის მიმართ აქვს სრულიად განსხვავებული ხედვა ხშირ შემთხვევაში წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც. ამიტომაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ხელოვნურ​ ერთობებში საკუთარ თავს“, – განაცხადა კუპრაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად ფიქრობს, რომ „ლელო” მარტო, დამოუკიდებელი სტრატეგიით მიაღწევს დასახულ მიზანს და განიხილავენ თუ არა თანამშრომლობას თუნდაც გიორგი გახარიას გუნდთან მაინც, რისი გამოცდილებაც მუნიციპალური არჩევნების წინ ჰქონდათ, კუპრაძემ აღნიშნა, რომ განიხილავენ თანამშრომლობას სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან.

„კომუნიკაცია არსებობს. ეს შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური სუბიექტები, შეიძლება, იყოს ძველი პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს მძიმე პოლიტიკური შეკითხვები”, – განაცხადა კუპრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა, დაასახელოს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები, კუპრაძემ თქვა, რომ არ შეუძლია.

„არა, არ შემიძლია ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ეს კომუნიკაცია არის პერსონალური კომუნიკაცია, გუნდური კომუნიკაცია, პარტიული კომუნიკაცია, რომელიც არ მოითხოვს არანაირ საჯაროობას. ჩვენ ერთჯერადი თანამშრომლობის, ერთი კამპანიური თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს გახარიას გუნდთან. ეს იყო წარმატებული კამპანია, რომლის შემდეგაც და მაშინაც, პროცესშიც, ძალიან რაციონალურად, თანასწორ საწყისებზე კომუნიკაცია შედგა და მას შემდეგაც ეს პარტნიორული დამოკიდებულება გახარიას გუნდთან გრძელდება. არსებობენ სხვა სუბიექტები, რომელთა მიმართაც გვაქვს პარტნიორული მოლოდინები და ამ ყველაფერს დრო აჩვენებს”, – განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტებს დიდად პატივს არც სცემს, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევა, 24 საათი აგინებს მეგობარ ქვეყნებს და ამ დროს თურქმენეთის წარმომადგენლობა ჩამოდის და სიამაყით განიხილავენ ამას.

„ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელი და კარგია, მაგრამ როგორ შეიძლება, გერმანიას, საფრანგეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ბელგიას, ჰოლანდიას – ყველას აგინო და ყველა გალანძღო 24 საათის განმავლობაში, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს მხარს უჭერდა და ამ დროს გადაერთო რაღაც წარმოუდგენელ ხაზზე, სადაც საქართველოსთან არც ისტორიული, არც ეკონომიკური დიდი კავშირები არ არსებობს?” – განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი