ირაკლი კუპრაძე - ჩვენ ვიბრძვით, ვშრომობთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ
ირაკლი კუპრაძე - ჩვენ ვიბრძვით, ვშრომობთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმში განაცხადა.

როგორც კუპრაძე აცხადებს, ბათუმში დაკავებულთა შორის მათი კოალიციის წევრებიც არიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასობრივად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს – ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს, სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე. ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხელისუფალი, რომელიც 2021 წელს გახდა ჩვენთვის, როგორც ძალადობრივი, რომელმაც მიისაკუთრა ბათუმის საკრებულო, რომელმაც მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე შანტაჟით და ზეწოლით“, – განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, „ამ ძალადობის ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“.

„ჩვენ ვიბრძვით, ვშრომობთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამჟამად ჩვენი კოალიციის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია იმყოფებიან ვაშინგტონში და მართავენ მაღალი რანგის პოლიტიკურ შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ეს ბრძოლა და ეს წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა კუპრაძემ.