ირაკლი კუპრაძე - არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას პასუხი გავცე, წარმოვიდგინოთ, 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას
„ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია როგორც საპროტესტო, ისე საარჩევნო ველი და ბრძოლა უნდა იყოს ორივე ველზე.
კუპრაძის თქმით, არჩევნებზე არმისვლა არის კახა კალაძისთვის პროპორციული ხმის დამატება.
ამავდროულად, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ „არ შეეშინდება რუსი მთავრობისთვის პასუხის გაცემა და 5 ოქტომბრიდან, როგორც ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს დანიშნავს სანქცირებულ აქციას“.
„დღეს თბილისელები არიან მოქალაქეები და არ არიან დაყოფილი პარტიებად. ამიტომ ამ მოქალაქეებს მივმართავ, რომ გადახედეთ ამ შესაძლებლობას, არ დაუთმოთ ივანიშვილს ძალაუფლება, რადგან შედეგი მარტივი და ერთია: არ მიდიხარ არჩევნებზე? შენი ხმა პროპორციაში ემატება კახა კალაძეს. არმისვლა არის კალაძისთვის პროპორციული ხმის დამატება. ნუ გავაკეთებთ ამას, ვიბრძოლოთ ამ ველზეც და იმ ველზეც. მოქალაქეები წყვეტენ, რა არის სწორი და სწორი არის ყველა ველზე ბრძოლა. პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი, თბილისელების ხელფასებიდან მინიმუმებით შეკოწიწებული ბიუჯეტი მოხმარდება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.