ირაკლი კუპრაძე – ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, პორტს ახალი, ეროვნული, მათ შორის კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად ააშენებს

16:53, 22.05.2026

ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, სამეგრელოს გაბრწყინების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ვერ განხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ანაკლიაში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განზრახვაა, ანაკლიის პორტის მშენებლობა გააჭიანუროს და გადაავადოს.

„ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, ანაკლიაში. ისევ მოვისმინეთ გუშინ რიცხვებში არეული, არაკომპეტენტური განცხადება ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი თურმე გემებს მიიღებს 2032 წელს. აქამდე „ანტიქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს გაცხადებული ჰქონდათ, რომ გემები უნდა მიეღოთ 2029 წელს. 2016 წლიდან, რაც ჩავარდა სამშენებლო კაფსულა ანაკლიის პორტში, დაიწყო მშენებლობა, განხორციელდა ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია, გავიდა 10 წელი. 2019 წელს ივანიშვილის რეჟიმმა განაცხადა, რომ თურმე ევროპელ, დასავლელ, ამერიკელ ინვესტორებს არაფერი ესაქმებოდათ შავ ზღვაში და გააუქმა, მოკლა ანაკლიის პორტი. ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო ინვესტორების დევნა, მათ შორის ჩვენი თანამებრძოლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრა გამოგონილი, თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, რითაც საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ყოველი მათი ეთერის დროს იტყუებიან ივანიშვილის წარმომადგენლები.

პარალელურად, 10 წლის თავზე არაფერი ხორციელდება. მრავალგზის გადაავადეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ 2032 წელს, კიდევ სამი წლით გადაიწია ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღება, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვეს და სულ რამდენიმე საათში ეკონომიკის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და დააბრალა ეკონომიკის მინისტრის არაკომპეტენტურობას და მექანიკურ შეცდომას. ჩვენ არ გვჯერა მათი მხრიდან შემთხვევითი წამოცდენების, ეს არის ივანიშვილის და „ანტიქართული ოცნების“ კონკრეტული განზრახვა, რომ კიდევ გააჭიანურონ და გადაავადონ ანაკლიის პორტის მშენებლობა“, – აღნიშნა კუპრაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა გახდეს „ტრამპის“ გზის“ გაგრძელება და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მმართველ რგოლს უნდა ჩამოშორდეს.

„ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, სამეგრელოს გაბრწყინების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ვერ განხორციელდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ანაკლიის პორტს და ქალაქ ანაკლიას უნდა შეექმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი მეგრელებისთვის, აფხაზებისთვის. საოკუპაციო ხაზიდან სამ კილომეტრში შენდებოდა ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია, რომელიც უნდა გამხდარიყო მიზიდულობის ცენტრი, რომლის განათებული სანაპიროც გამოჩნდებოდა აქედან სამ კილომეტრში აფხაზეთის და სოხუმის სანაპიროებიდან, ივანიშვილმა მოკლა ეს შესაძლებლობა.

მაშინ, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან დაინტერესებულები, საქართველოს მიანიჭონ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა; რეგიონში შეიქმნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, გადაიჭრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი, გაჩნდა ახალი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ ტრამპის გზა, რომელსაც სჭირდება გასასვლელი შავ ზღვაზე, თუმცა ივანიშვილი ძალადობრივი, ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკით უკლავს საქართველოს შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გზის, „ტრამპის გზის“ გაგრძელება და კარიბჭე დასავლეთში. ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება ამ საერთაშორისო ტრანზიტს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდეს მმართველ რგოლს. ეროვნულმა ხელისუფლება უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი, რათა ამ საერთაშორისო სატრანზიტო გზამ გვერდი არ აუაროს საქართველოს. თუ ეს გზა გვერდს აუვლის საქართველოს, ეს ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების განადგურებას. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით მილიონ დოლარს დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეები, ბიუჯეტი, რომლითაც უნდა გაიზარდოს თქვენი პენსიები, რომლითაც მხარდაჭერა უნდა გამოუცხადდეს სოფლის მეურნეობას, რომლითაც უნდა აშენდეს ახალი სკოლები, საბავშვო ბაღები და თავად ანაკლიის ახალი ქალაქი“, – განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, ანაკლიის პორტი ეროვნულ პროექტად, სტრატეგიულ ობიექტად უნდა გამოცხადდეს.

„ამ ვითარებაში „ლელოს“ გზავნილი ნათელი და მარტივია, „ლელო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავარი მხარდამჭერია ანაკლიის პროექტის. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ პროექტად, სტრატეგიულ ობიექტად უნდა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტი და პორტი, მის განხორციელებაში ჩართულნი უნდა იყვნენ მხოლოდ გამჭვირვალე, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები. ესენი არიან დასავლელი ინვესტორები, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები და ახსოვდეს საზოგადოებას, განსაკუთრებულად „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მსხვერპლებს, რომ ივანიშვილმა ამ ქვეყნიდან უკვე გააძევა ინვესტორები და 80 მილიონი ინვესტიციის ექსპროპრიაცია ანუ ჩამორთმევა განახორციელა. გადის წლები, ივანიშვილის ყველა წინასაარჩევნო დაპირება, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ტყუილი! ამ ტყუილს ჩვენ დავუპირისპირებთ ბრაზს, თვითორგანიზებას და ივანიშვილს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ახალი, ეროვნული, მათ შორის კოალიციური ხელისუფლება, აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მსგავსი