ირაკლი კოვზანაძე - ყველას მივეცით შესაძლებლობა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტში კითხვები დაესვათ 
ირაკლი კოვზანაძე - ყველას მივეცით შესაძლებლობა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტში კითხვები დაესვათ 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა მიმდინარეობდა, ყველას მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი კითხვები დაესვათ და პასუხები მოესმინათ, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

„კომიტეტის სხდომა ეს არ არის სასამართლო და მისი მიზანი არ არის, გავარკვიოთ ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი. ბატონებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ განცდა, რომ პარლამენტში არ ექნებოდათ შესაძლებლობა, მათთვის მოესმინათ, ჩვენ ეს შესაძლებლობა გავხსენით“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ საქართველოსა და მთელ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, შესაბამისად, მას მოფრთხილება სჭირდება.

„თიბისი ბანკი“ უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოს საფინანსო სისტემის. ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელსაც ბანკში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, მთავარია, რომ „თიბისი ბანკს“ სჭირდება მოფრთხილება. ეს არის ამოსავალი წერტილი. თუმცა, მინდა აქვე დავაფიქსირო, რომ ჩემთვის „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება მეტყველებს ყველაფერზე: ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა, გადაიხდიან ჯარიმას, დამოუკიდებელი დირექტორები შევლენ სამეთვალყურეო საბჭოში. რაც წინაპირობაა, რომ განვითარდეს ბანკი, განვითარდეს მისი კორპორაციული მართვა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომიტეტის სხდომაზე დაბარების შესახებ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედებს.