ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებია დაზღვეული
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებია დაზღვეული

საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებია დაზღვეული. 2020 წლის შუა პერიოდიდან კი, დაზღვევას დაქვემდებარებული დეპოზიტის თანხა დღეს მოქმედი ხუთი ათასი ლარიდან 15 ათასამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური გარემო, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. წარმატებულ რეფორმებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დეპოზიტების დაზღვევა დაასახელა. აღნიშნული დაზღვევა 2018 წელს ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით, ხუთი ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტებს ფარავს, რაც საერთო ჯამში ორ მილიარდ ლარს მოიცავს, თუმცა ეს ზღვარი წელს გასამმაგდება. 

„საქართველოს საბანკო სექტორში უკვე ორი მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტების დაზღვევა არის განხორციელებული. დღევანდელი მდგომარეობით, ხუთი ათასი ლარის მოცულობის დეპოზიტი იზღვევა, რაც 2020 წლის შუა პერიოდიდან 15 ათას ლარამდე გაიზრდება“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.