ირაკლი კოვზანაძე - საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად და ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად
ირაკლი კოვზანაძე - საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად და ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად

ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება, უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად, ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომელიც ხელმძღვანელობს ეკონომიკური პროფილის ხუთი გაერთიანებული კომიტეტის სხდომას, სადაც სამთავრობო პროგრამა განიხილება.

მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარებებით დაფინანსდა პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების საჭიროებები, დახმარება გაეწია ბიზნესს, ასევე თანხის გარკვეული ნაწილი მიემართა ეროვნული ბანკის რეზერვებში.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, წელს, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების სახით, ბაზარს 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, რათა ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობა შენარჩუნებულიყო.

„სერიოზული განაცხადია, ისიც, რომ წელს, პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი. მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული წელი გველოდება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება ადვილი წელი, მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. დღეს წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ ყველა მიმართულებით. დღეს მოვისმენთ, ამ კუთხით რამდენად არიან მზად მინისტრობის კანდიდატები. კითხვები მექნება კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე. როგორც იცით, წინ გველოდება 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

სხდომას მინისტრობის ოთხი კანდიდატი ესწრება.