ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს მოუწოდებს, ინვესტირების საკითხებზე საზოგადოებასთან მეტად გახსნილი იყოს
ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს მოუწოდებს, ინვესტირების საკითხებზე საზოგადოებასთან მეტად გახსნილი იყოს

საპენსიო თანხების ინვესტირებაზე საჭიროა უფრო  მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც საინვესტიციო საბჭოს, ასევე  სააგენტოს მხრიდან, მოგიწოდებთ იყავით უფრო გახსნილი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო თანხების ტრანზაქციების კანონიერებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან კითხვები დაისვა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსია სიახლეა, თემა ჯერ კიდევ სენსიტიურია და საზოგადოების ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კარგად მახსოვს ცხარე დებატები პარლამენტში დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. მიმაჩნია,  რომ ეს ფუნდამენტური საფინანსო  რეფორმაა და აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის.  საპენსიო  სააგენტოს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ ტრანზაქციაზე საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო საბჭოსგან ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან.  არ მიმაჩნია საჭიროდ ყველა ტრანზაქციაზე საჯარო განცხადებების კეთება, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის  შენატანი, მით უმეტეს პირველად იყო ასეთი მასშტაბური ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო საზოგადოების დროული ინფორმირება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

საპენსიო სააგენტომ რამდენიმე დღის წინ საპენსიო დანაზოგებიდან 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განახორციელა, ხოლო 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე.

დატოვე კომენტარი