ირაკლი კოვზანაძე - საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს
ირაკლი კოვზანაძე - საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

დაგროვებითი პენსიის ჩვენთან განხორციელებულ მოდელს წინ უძღოდა მრავალი ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე დაკვირვება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოს ტიპის განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ნებაყოფლობით შენატანებზე დაფუძნებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა „მკვდრადშობილი“ და წინასწარ წარუმატებლობისთვის განწირული იქნებოდა.

„საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ დაგროვებით პენსიას, ერთი მხრივ, გააჩნია სოციალური მიზანი, მეორე მხრივ, დიდია მისი როლი დოლარიზაციის შემცირების, საინვესტიციო გრძელი ფულის გაჩენის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, თუ საპენსიო შენატანებს, როგორც ინვესტიციას განვიხილავთ, ფაქტია, რომ მოქალაქის მიერ ფონდში შეტანილ ყოველ ერთ ლარზე, დამატებით ერიცხება 2.75 ლარი, ანუ ანგარიშზე გვიჯდება 3.75 ლარი, რასაც წლიური 6.5-8% სარგებელი ემატება.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დარიცხული სარგებლის მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.