ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა.

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ირაკლი კოვზანაძესთან, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები, მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და სავალუტო ფონდის პროგნოზი იგივე რჩება – 4.6  პროცენტი მიმდინარე წლისთვის, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირიც ესწრებოდა, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს.

შეხვედრას, ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი კოვზანაძის თქმით,  შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ფისკალურ პოლიტიკას ეხება.
„ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში. საუბარი იყო ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების კანონში ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციის კანონს გულისხმობს“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელზედაც დღეს ისაუბრეს, ეხება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებას საქართველოში და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა პარლამენტმა მონეტარულ ხელისუფლებაზე კონტროლი გააძლიეროს.