ირაკლი კოვზანაძე - როდესაც კრიზისი გადაივლის, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის ზრდას სწრაფად აღვადგენთ
ირაკლი კოვზანაძე - როდესაც კრიზისი გადაივლის, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის ზრდას სწრაფად აღვადგენთ

წელს ეკონომიკის ვარდნა იქნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როცა ეს კრიზისი გადაივლის, ეკონომიკის ზრდას სწრაფად აღვადგენთ. ამის საშუალებას ჩვენს მიერ განხორციელებული ფუნდამენტური ფინანსური რეფორმები მოგვცემს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენა და ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო ცვლილებებსაც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი 4.5-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ვარდნაა მოსალოდნელი. თუმცა, მისი თქმით, იმ ფუნდამენტური რეფორმების წყალობით, რაც ქვეყანამ გაატარა, მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევა, მოგების გადასახადის გადავადება თუ საპენსიო რეფორმა, სრულიად შესაძლებელია, რომ კრიზისის შემდეგ ეკონომიკის ზრდა სწრაფად აღდგეს.

„არის ასეთი მნიშვნელოვანი ფორმულა: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევა. ჩვენ გვაკლდა დეპოზიტების დაზღვევა. ამ პარლამენტმა გააკეთა ის, რომ დეპოზიტების დაზღვევა მივიღეთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი მილიარდი ლარის დეპოზიტები დავაზღვიეთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა და წრე შეიკრა. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს მონეტარული ხელისუფლება, როგორც ცენტრალური ბანკი და ფისკალურ ნაწილში ფინანსთა სამინისტროც მზად არიან, რომ ამ გამოწვევას და ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდნენ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმებია ჩატარებული ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როცა ეს კრიზისი გადაივლის და იმედია, რაც შეიძლება, სწრაფად დამთავრდება, ჩვენ ეკონომიკის ზრდასაც სწრაფად აღვადგენთ. თუმცა, წინ პრობლემები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.