ირაკლი კოვზანაძე - რეინვესტიციების ზრდა მიუთითებს, რომ მოგების გადასახადის რეფორმა წარმატებულად მუშაობს
ირაკლი კოვზანაძე - რეინვესტიციების ზრდა მიუთითებს, რომ მოგების გადასახადის რეფორმა წარმატებულად მუშაობს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

მისი თქმით, იანვარ-ივნისში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 676 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად ყურადღება გაამახვილა რეინვესტირების მაჩვენებელზე, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 179 მილიონი დოლარით, ანუ, 34%-ით გაიზარდა.

„ჯამში, რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, თითქმის ნახევარს- 46%-ს აღწევს. სასიამოვნო ფაქტი და ტენდენციაა, რომ ბოლო წლებში რეინვესტირების კომპონენტი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მუდმივად იზრდება, რაც ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მიმზიდველი ბიზნესგარემოს და, პირველ რიგში, მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს; რეინვესტიციების ზრდა მიუთითებს, რომ აღნიშნული რეფორმა წარმატებულად მუშაობს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დატოვე კომენტარი