ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა
ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა

​საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების წითელსოფლის, წერეთლის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო ადგილობრივ პრობლემებს და გაუზიარა ინფორმაცია მომავალი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და რეგიონში გათვალისწინებული პროექტების თაობაზე.

„რეგიონში დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტში 60-მდე პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია შვიდი სკოლის მშენებლობა, ასევე, ორ სკოლას ჩაუტარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს დაგეგმილია ხუთი ამბულატორიის რეაბილიტაცია, აშენდება ოთხი ახალი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

​მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა წითელსოფლის მოსახლეობა. კერძოდ, სტიქიამ მოქალაქეებს სახლის სახურავები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაუზიანა. ამ ეტაპისთვის, დაზარალებულებისთვის თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესი დაიწყო. შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც კოვზანაძის ინფორმაციით, მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიმდინარე წელს ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდება 100 000 000 ლარის ჯამური ღირებულების პროექტები, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში 17 000 000 ლარზე მეტი ღირებულების“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.