ირაკლი კოვზანაძე - პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რომლის ირგვლივ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს
ირაკლი კოვზანაძე - პენსიონერებზე ზრუნვა ის საკითხია, რომლის ირგვლივ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი, მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. კოვზანაძის განმარტებით, წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა, პენსიები გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ინდექსაციის კანონის მიხედვით, ყოველწლიურად მოიმატებს პენსიები ინფლაციის გათვალისწინებით, სულ მცირე, 20 ლარის ოდენობით.

„ეს საკმარისი არ არის. ფაქტია, რომ ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი. ამ ფონს იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც სესხი სჭირდებათ, ამძიმებს სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.

„გასაგებია, რომ ეს ადვილი საქმე არაა. ერთი მხრივ, არიან პენსიონერები, მეორე მხარეს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური სისტემის სტაბილურობა, მდგრადობა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოინახოს გამოსავალი. ამავე დროს, არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები რომელიღაც კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ, როცა ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ, როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში ინარჩუნებს მდგრადობას და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთობლივად იმუშაონ მექანიზმებზე, რათა პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არის საკითხები, რომლის ირგვლივ ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა გაერთიანდეს, ერთობლივად იმუშაონ და სწორედ ასეთი საკითხი განიხილეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოპოზიციის წევრების, ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მომართვის საფუძველზე, საკომიტეტო მოსმენა გამართა. პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.

დატოვე კომენტარი