ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტი ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვას იწყებს
ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტი ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტის ბიუროზე შემოვიდა ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელთაგან ერთი პენსიების ინდექსაციის საკითხს ეხება, ხოლო მეორე საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, ორივე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმიდან გამომდინარეობს, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, წელს, პირველი იანვრიდან პენსიები 20 ლარით გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კიდევ უფრო მაღალი კოეფიციენტით არის გაზრდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი ყოველთვიურად დანაკლისს განიცდის, ძალაში დარჩა მასში ჩადებული ცვლილება, რომ 30 ლარით გაიზარდოს პენსია 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის. ინდექსაციის საკითხი კი, კიდევ უფრო მეტ ზრდას ითვალისწინებს. კოეფიციენტები კორელაციაშია ინფლაციის მაჩვენებლებთან, ხოლო 70 წელს ზევით პენსიონერებისთვის დამატებით გათავლისწინებულია რეალური ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის 80%, არანაკლებ 20 და 25 ლარისა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან. მისივე თქმით, ამისთვის ბიუჯეტში დამატებით საჭირო იქნება 230 მლნ ლარი.

„რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ანტიკრიზისული პროგრამით გამოცხადებული იყო, რომ ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი და ასევე კომპანიები, რომლებიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, 750 ლარის ნაწილში გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან. ამ კანონპროექტის განხილვას ვიწყებთ დაჩქარებული წესით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

დატოვე კომენტარი