ირაკლი კოვზანაძე - მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურ ხარჯებზე მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება
ირაკლი კოვზანაძე - მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურ ხარჯებზე მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება, – ეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა.

კოვზანაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონალურ მხარდაჭერას.

„სოციალური ხარჯების წილი (ხარჯები განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე) მთლიან საბიუჯეტო ასიგნებებში აღწევს 47.5 პროცენტს. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობამ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად შეცვალა ბიუჯეტის კონსტრუქცია, გაითვალისწინა ბიუჯეტის შუალედური ვერსიის განხილვისას პარლამენტში გამოთქმული გარკვეული რეკომენდაციები.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტისგან განსხვავებით, საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221.0 მლნ ლარით მეტია და თითქმის 14 მილიარდ-ნახევარია (14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარს შეადგენს).

გაზრდილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 514.2 მილიონი ლარით და 14 მილიარდ 554 მილიონ 200 ათასი ლარია. ძალაში რჩება მომავალი წლიდან ხელფასებისა და პენსიების ზრდა.